logo
ENG



აფგან მუხთარლი საპარლამენტო კომისიის შექმნას და გამოძიების დაწყებას მოითხოვს

20 მარ 202020:50
3 წუთის საკითხავი
 

„ფორმულას“ ეთერში გაკეთებული სკანდალური განცხადების შემდეგ სამოქალაქო სექტორი საპარლამენტო კომისიის შექმნას და გამოძიების დაწყებას მოითხოვს. პოლიტიკური ტყვეობიდან გათავისუფლებულმა აზერბაიჯანელმა ჟურნალისტმა სოფო ზურაბიანის გადაცემაში იმ სქემის შესახებ მოყვა, რომლის მიხედვითაც საქართველოდან აზერბაიჯანში გაიტაცეს და ამისთვის საქართველოს ხელისუფლებამ 3 მილიონი აიღო. აფგან მუხთარლის თქმით, ოპერაციაში ჩართული იყო კრიმინალური პოლიცია, ეროვნული უშიშროების სამსახური და გიორგი კვირიკაშვილი. ბრალდებებს დღეს ყოფილმა პრემიერმა აბსურდული უწოდა.

აზერბაიჯანელი ჟურნალისტი კი ყვება, მისი აყვანის ოპერაცია ქართველ და აზერბაიჯანელ მაღალჩინოსნებთან შეთანხმებული იყო და ამის შესახებ აზერბაიჯანის პრეზიდენტის აპარატის ჩინოვნიკისგან შეიტყო. ბოლო დროის ყველაზე ხმაურიან ბრალდებას ქართული ოცნება არ პასუხობს და ხელს გამოძიებისკენ იშვერს. გომელაურის უწყებას კი ამ დრომდე ფორმულას კითხვებზე პასუხი არ გაუცია. ოპოზიცია დარწმუნებულია რომ პოლიტიკური დევნის ამ საქმეს ბიძინა ივანიშვილი პირადად ხელმძღვანელობდა და ობიექტური გამოძიების პირობებში უნდა დაიკითხოს. 

მუხთარლის გაუჩინარება თბილისიდან 2019 წლის 29 მაისით თარიღდება. ამ დროს შინაგან საქმეთა სამინისტროს გიორგი მღებრიშვილი ხელმძღვანელობდა, სუს-ის ხელმძღვანელი ვახტანგ გომელაური იყო. პასუხები კითხვებზე მათ უპასუხოდ დატოვეს.

ბოლო სამი წელია მუხთარლის საქმე ევროკავშირის, აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის და ყველა გავლენიანი საერთაშორისო ორგანიზაციის ანგარიშში ობიექტური გამოძიების მოთხოვნით ხვდება, თუმცა უშედეგოდ. ახლა როდესაც საქმეს ოქროს მოწმე ჰყავს, რომელიც მზად არის ჩამოვიდეს საქართველოში და პროკურატურას ჩვენება მისცეს, მესამე სექტორი საგამოძიებო ექსპერიმენტის ჩატარებას და საგამოძიებო კომისიის შექმნას მოითხოვს.

მუხთარლის ახალმა მხილებამ ქვეყანას საერთაშორისო სკანდალის ეპიცენტრში მოაქცევს - ამბობენ ოპოზიციაში. „ქართული ოცნების“ ოპონენტები დარწმუნებულები არიან რომ სახელისუფლებო წრეებში დადებული უკანონო გარიგება მათი ლიდერის გარეშე ვერ დაიდებოდა, ამიტომ ფიქრობენ, რომ გამოძიებას ჩვენება ბიძინა ივანიშვილმაც უნდა მისცეს.

ივანიშვილის გუნდს, რომელიც საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის შექმნაზე წლებია უარს ამბობს, პასუხისმგებლობის აღება დღესაც არ სურს. ოცნება ხელს საგამოძიებო უწყებისკენ იშვერს.

ვინ და როდის გამოიძიებს 21 საუკუნის სკანდალურ საქმეს, სადაც შესაძლოა ორი მეზობელი ქვეყნის უმაღლესი თანამდებობების პირების დანაშაულზე იყოს საუბარი, ჯერ უცნობია. აფგან მუხთარლის ჯერ დაზარალებულის სტატუსიც არ აქვს.

ვიდრე საქმე საქართველოს მთავარ პროკურატურაში თაროზე დევს, აფგან მუხთარლი დღე-დღეზე სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას ელოდება. საქმე - მუხთარლი - საქართველოსა და აზერბაიჯანის წინააღმდეგ განხილვის პროცესშია. 


close დახურვა